ომეგა ჯგუფის საქმე

გახარია ოქუაშვილზე: ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია

შსს

შს მინისტრი გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ რუსთავი ორის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ღიმილისმომგვრელს უწოდებს და ამბობს, რომ მას ბიუჯეტში გადასახდელი თითოეული თეთრის გადახდა მოუწევს.

"რა თქმა უნდა ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ 
გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ 
პერიოდში დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე და კიდევ ერთხელ,  ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე პირადად, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც.“ - ამბობს გახარია.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

ოქუაშვილის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი როდესაც ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილისგან შეტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება. 

ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ყვება, რომ მისი დაშინება ვერ შეძლეს - "მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება. რომ ის 4 მილიონი მიგვეტანა. ჩვენზე ამ ზეწოლამ ვერ მოახდინა გავლენა."

თუმცა, ასევე ამბობს, რომ 2016 წელს დაფუძნა კომპანია, რომელსაც იურიდიულად "ომეგა ჯგუფის" მენეჯერები ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო კომპანიის რეალური მესაკუთრე კი პანამური ოფშორი იყო. ოქუაშვილის თქმით, სწორედ ამ კომპანიას ჩაურიცხა მან 4 მილიონი, რომელიც იმავე დღეს, კანონდარღვევით გადაირიცხა ოფშორის მესაკუთრესთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან. ოქუაშვილის თქმით, ამ გადარიცხვის განხორციელება თიბისი ბანკს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა დააძალეს. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია "შპს ოლიმპუსია", რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. 

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

საინტერესოა, რომ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ამბობს რომ ლევან ყიფიანი მან თავდაპირველად ივანიშვილთან ურთიერთობაში"ომეგა ჯგუფის" ლობისტად დაიქირავა, რისთვისაც დიდძალ თანხასაც უხდიდა. 

კომენტარები