ომეგა ჯგუფის საქმე

ხადური: თუ ვინმეს ჰგონია, შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ძალიან ცდება

ნოდარ ხადური
ტაბულა

კონკურენციის საააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის თქმით, მას არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთის რომ ლონდონში ჩავიდეს და ადვოკატი იქირაოს. ფინანსთა ყოფილი მინისტრი ომეგა ჯგუფისა და ტელეკომპანია იბერიას საქმეს ეხმაურება. აპირებს თუ არა ლონდონში ჩასვლას, იმ შემხთვევაში თუ ომეგა ჯგუფის ადვოკატები მის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებენ.

"მე არ ვიცი რაზე საუბრობდა ორი ადამიანი, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელ თემებზე საუბრობდნენ, იმიტომ რომ ნოდარ ხადურს არასდროს არავისთვის არაფერი არ უთხოვია, არავისთვის არ მიუცია რწმუნება, რომ მისი სახელით ესაუბრა ბიზნესუბიექტებთან და ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია. ნოდარ ხადურის ერთერთი მიღწევა ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს იყო, რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, ისევე როგორც საგამოძიებო სამსახური, განთავისუფლდა და ის აღარ იყო პოლიტიკური წნეხი, ისე როგორც ეს იყო წინა წლებში. ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებული საქმე. არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირაო თარჯიმანი და ადვოკატი, ძალიან ცდება. მე კითხვებს არ გავურბივარ, თუმცა არც არანაირი პასუხი არ მაქვს ამ კითხვებზე, იმიტომ რომ არ ვიცი რაზე საუბრობდა ორი ადამიანი." - ამბობს ხადური.  

მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღდეგ, ლონდონში სარჩელის წარდგენაზე ბრიტანული კომპანია Fieldfisher-ის სასამართლო დავების იურისტმა კოლინ გიბსონმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი შემუშავდება, დანაშაულში თანამოწილეობისა და კორუფციის ბრალდებით, გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

"ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები