არჩევნები 2018

ნათელაშვილი: არავინ დაიჯერებს, რომ ვაშაძეები, ბაქრაძეები და სალომეები არიან ჩემზე წინ

youtube.com

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევას, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი ორის დაკვეთით ჩაატარა, უნდობლობას უცხადებს. 

ნათელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მას უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატს და ჩატარებული კვლევა გაყალბებულია. 

"დაწყებულია ჩვეულებრივი სარეიტინგო ომი. ახლა ივანიშვილის მოსყიდული კომპანია გამოგვიცხადებს შედეგებს და ვიქნებით ასე. რაც შეეხება Edison Research -ს, ეს არის ცნობილი სინდის გარეცხილი კომპანია, რომელიც საკუთარ მამას დაკლავს ფულის სანაცვლოდ. აი ამხანაგები, რომლებიც ჩემს წინ სხედან მე ვურჩევდი, რომ გააბოლონ ივანიშვილის მარიხუანა. ერთი ორი ნაფაზი დაარტყან. უფრო კაი რეიტინგებს დაწერენ. არც ერთი საღად მოაზროვნე არ დაიჯერებს, რომ ვაშაძეები, ბაქრაძეები და სალომეები არიან შალვა ნათელაშვილზე წინ. მაშინ ისტორია გაჩერებულა. ვფიქრობ ისტორია საქართველოსი გრძელდება",- ამბობს ნათელაშვილი. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია რუსთავი ორის დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.

კვლევის მიხედვით ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ და გამარჯვებული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება. 

კომენტარები