არჩევნები 2018

საია: GNCC-ის მოთხოვნა, ეთერებიდან ოპოზიციის 3 ვიდეორგოლის ამოღების შესახებ, უკანონოა 

სალომე ზურაბიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, სატელევიზიო ეთერებიდან ოპოზიციის სამი წინასაარჩევნო ვიდეორგოლის ამოღების შესახებ, უკანონოა. 

საია მიიჩნევს, რომ კომისიის თავმჯდომარის წერილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. 

"აღნიშნული დოკუმენტი (წერილი) არ არის. კომისიის სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, არ არის მაუწყებლების მხრიდან სავალდებულოდ შესასრულებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.“ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ქცევის ზოგად წესს, ეს დოკუმენტი ვერ იქნება კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა კომისიას. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან",- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საია ამბობს, რომ მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. 

"მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გასცდეს მის უფლებამოსილებას",- აცხადებს საია. 

25 სექტემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ტელევიზიებს წერილი გაუგზავნა. კომისიის თავჯდომარე, კახა ბექაური წერილში წერს, რომ ვიდეორგოლები "მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას". GNCC-ის მტკიცებით, სამი ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მისი დაუყოვნებლივ აღება მოითხოვა. 

კომენტარები