შეწყალების კომისია

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

პირველი რადიო

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასწრულწლოვანი.

ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში  866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.  

კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა, თუმცა კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა.

,,გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

კომენტარები