კორუფცია

ლევან ყიფიანი მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული

ტაბულა

სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. უწყებაში ის 17:00 საათზე არის დაბარებული. 

გამოკითხვა ტელეკომპანია იბერიასთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება. 

ჩანაწერი გასულ კვირას რუსთავი 2-მა გაავრცელა. მასში ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს $2 მილიონს სთხოვს და ამბობს, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კორუფციასთან კავშირი უარყო და თქვა, რომ სავარაუდოდ ლევან ყიფიანი მისი სახელის გამოყენებით ცდილობდა დიდძალი თანხის ხელში ჩაგდებას.

ამავე ფარულ ჩანაწერში ლევან ყიფიანმა ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "იბერიას" დათმობის სანაცვლოდ, "ომეგა ჯგუფზე" დაკისრებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერაში დახმარება შესთავაზა. 

ყიფიანმა 14 სექტემბერს დატოვა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. 

პროკურატურის ცნობით, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით არის დაწყებული, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებას გულისხმობს.

"გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს,"- წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ გასულ კვირას გაავრცელა. 

უკვე ერთ კვირაზე მეტია ტელეკომპანია "იბერია" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ტელეკომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობენ. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი, არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ". მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს. 

ტელეკომპანია "იბერიამ" მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

კომენტარები