ბიოლოგია

კვლევის თანახმად, ერთ-ერთ ტროპიკულ თევზს სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა შეუძლია

Labroides dimidiatus

პატარა ტროპიკულმა თევზმა თვითცნობიერების ტესტი ჩააბარა. მკვლევართა საერთაშორისო გუნდის მტკიცებით მას სარკეში საკუთარი თავის ამოცნობის უნარი აქვს.

სარკის ტესტს მეცნიერები 1970 წლიდან იყენებენ, მას შემდეგ რაც ფსიქოლოგმა გორდონ გალოპმა ამ მეთოდით შიმპანზეებში თვითცნობიერების არსებობა გამოიკვლია. დღემდე მიიჩნეოდა, რომ სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა მხოლოდ დელფინებს, პრიმატების ნაწილს, ყორნისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს და ცელნამგალა ვეშაპებს შეეძლოთ. ჭიანჭველების მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს ტესტი ჭიანჭველების სამმა სახეობამაც ჩააბარა, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არ არიან, რომ მათ თვითცნობიერება აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ ტესტს ვერ აბარებენ 2 წლამდე ბავშვები, გორილები, ძაღლები და კატები. 

ტესტის დროს მეცნიერები ცხოველს სახეზე ლაქას უსვამენ, შემდეგ კი მას სარკესთან ათავსებენ. თუ ცხოველი ლაქის მოშორებას ეცდება, ითვლება, რომ მან ანარეკლში საკუთარი თავი ამოიცნო. ახალ კვლევაში მკვლევართა გუნდმა ეს ტესტი ტროპიკული თევზის ერთ-ერთ სახეობაზე, Labroides dimidiatus-ზე ჩაატარა. ეს სახეობა კარგი მხედველობით გამოირჩევა და მისი გადარჩენა დამოკიდებულია უნარზე, შენიშნოს და შეჭამოს პარაზიტები სხვა თევზების სხეულზე.

თევზების პირველი რეაქცია ანარეკლზე თავდასხმა იყო, თუმცა ეს მალევე შეიცვალა, რამდენიმე დღეში თევზებმა უცნაური, ცეკვის მაგვარი მოძრაობების შესრულება დაიწყეს, რაც ასეთი მარტოსული სახეობისთვის საკმაოდ უჩვეულო ქცევაა. ამის შემდეგ მკვლევრებმა ათი თევზიდან რვას შუბლზე ლაქა წაუსვეს, რის შემდეგაც თევზების ერთი ნაწილი უფრო დიდ დროს უთმობდა ანარეკლის ყურებას, უმრავლესობამ კი ლაქის მოშორება სცადა. 

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ თევზმა სარკის ტესტი ჩააბარა, თუმცა ასევე უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ თევზმა ლაქა სხვა თევზის სხეულზე არსებულ პარაზიტად აღიქვა. 

კომენტარები