Aerosmith

სტივენ ტაილერმა დონალდ ტრამპს Aerosmith-ის სიმღერების გამოყენება აუკრძალა

Aerosmith-ის სოლისტმა სტივენ ტაილერმა თეთრ სახლში წერილი გააგზავნა და მოითხოვა იმ ღონისძიებებზე, რომლებზეც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვა, მათი ჯგუფის სიმღერები არ გამოიყენონ.

ამის შესახებ გამოცემა Variety მომღერლის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

წერილი მომღერალმა თეთრ სახლში მას შემდეგ გაგზავნა, რაც 21 აგვისტოს დასავლეთ ვირჯინიაში დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების შეხვედრაზე Aerosmith-ის სიმღერა Livin on the Edge ჩართეს.

წერილში სტივენ ტაილერმა ტრამპის ადმინისტრაცია საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკურ შეხვედრებზე ჯგუფის სიმღერები მსმენელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მომღერალი ტრამპის მხარდამჭერია.

მედიის ცნობით, მსგავსი გაფრთხილება ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს Aerosmith-ის სხვა სიმღერა Dream On გამოიყენა. გაფრთხილების შემდეგ სიმღერა კამპანიის რეპერტუარიდან ამოიღეს.

კომენტარები