ბლოგი

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანის მოწევა?

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გირჩის სარჩელის საფუძველზე, მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანა? - ბოლო რამდენიმე დღის ერთერთი ხშირად დასმული კითხვაა. ლეგალიზაციის მომხრეების უმეტესობა ამბობს, რომ მარიხუანა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ალკოჰოლი ან თამბაქო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ცდებიან, მოხმარების შესაძლო ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, როგორც მარიხუანის თერაპიული ასპექტები, ასევე რისკები, რომლებიც მის მოხმარებას შეიძლება ახლდეს თან.

რა გამოყენება აქვს სამედიცინო მარიხუანას?

25 ივნისს, ამერიკის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ პირველი მარიხუანისგან მიღებული წამალი დაამტკიცა, რომელიც ეპილეფსიის ორი საკმაოდ მძიმე და იშვიათი ფორმის მკურნალობაში ეფექტური აღმოჩნდა. FDA-ს კომისიის წევრების შეფასებით, ეს მედიცინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Oncogene-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, კანაბისის ერთ-ერთ შემადგენელ ნივთიერებას, კანაბიდიოლს, საკმაოდ აგრესიული დაავადების, პანკრეასის კიბოს მქონე თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა შეუძლია. ამ დაავადების მქონე ადამიანების 80 % დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში კვდება. თუ კვლევის შედეგები ადამიანებშიც წარმატებით გაიმეორეს, ამან შეიძლება პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე წლით გაზარდოს. კლინიკურ კვლევებში, კანაბიდიოლი ფსიქოზის მკურნალობისთვისაც გამოიყენება.  

იმ ქვეყნებში, რომლებშიც მარიხუანა ლეგალურია, ექიმებს აქვთ უფლება დანიშნონ სამედიცინო მარიხუანა სხვადასხვა დაავადებების  და მდგომარეობების მკურნალობისთვის, ან მათი სიმპტომების მართვისთვის. ასეთებია გლაუკომა (დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ოპტიკური ნერვი), დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია), ქიმიოთერაპიის მიერ გამოწვეული გულისრევა, გაფანტული სკლეროზი (იმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ნერვული ბოჭკოების გარსს აზიანებს), პარკინსონის დაავადება,  სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი და დისკომფორტი, უძილობა, შფოთვითი აშლილობა და ა.შ.


როგორ მოქმედებს მარიხუანა ტვინზე?

მარიხუანის შემადგენელი ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლია (THC), იგი იმეორებს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებების, ენდოკანაბინოიდების აგებულებას. ენდოკანაბინოიდები მოქმედებენ ნერვული უჯრედების ზედაპირზე მყოფ მოლეკულებზე, კანაბინოიდურ რეცეპტორებზე, რომლებიც მადას, გუნება-განწყობას და მეხსიერებას აკონტროლებენ.

თავისი ფორმის გამო THC მარტივად თავსდება ამ რეცეპტორებზე და მას შემდეგ რაც რეცეპტორებზე აღმოჩნდება, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას ნეირონებში მყოფ მოლეკულებში. ამ რეაქციების შედეგია სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერების (მოლეკულები, რომელსაც ტვინის უჯრედები ერთმანეთთან „სალაპარაკოდ“ იყენებენ) უჩვეულოდ მაღალი ან უჩვეულოდ დაბალი დონე, რაც იწვევს მარიხუანის გაბრუების თუ თრობის ეფექტს: ჩვეულებრივი საჭმელი უფრო გემრიელად გვეჩვენება, ადამიანი ბედნიერების მოზღვავებას გრძნობს, დუნდება, მეტად მიდრეკილია თვითდაკვირვებისკენ, თუმცა ასევე ხშირია უსიამოვნო ეფექტებიც- პარანოიდალური აზრები, გაღიზიანებულობა, შფოთვა და მოუსვენრობა.  

რა გავლენა აქვს მარიხუანას მეხსიერებაზე?

მარიხუანა დროებით აზიანებს გარკვეულ ფსიქიკურ უნარებს, განსაკუთრებით მეხსიერებას და ყურადღებას. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მარიხუანის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო ცუდ შედეგებს აჩვენებენ მეხსიერების ფსიქოლოგიურ ტესტებზე. მათთვის უფრო რთული იყო სიტყვების და ციფრების შემთხვევითი კომბინაციების დამახსოვრება. კანაბისი ასუსტებს კონცენტრაციას და მოძრაობის კოორდინაციას.  მსგავსი ხანმოკლე და მსუბუქი კოგნიტური დეფიციტები არ არის საშიში, როცა მომხმარებელი სახლში იმყოფება, მაგრამ სულ სხვა ამბავია, როდესაც ვინმე მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მანქანას ატარებს.

მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები გაცილებით უფრო გვიან ამუხრუჭებენ და უჭირთ სამოძრაო ზოლის უსაფრთხოდ შეცვლა. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სისხლში THC-ის მაღალი კონცენტრაცია ავტოავარიაში მოხვედრის რისკს ორჯერ ზრდის. საქართველოს არსებული კანონმდებლობით არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა კანონით ისჯება.

შესაძლებელია თუ არა მარიხუანით ზედოზირება?

მარიხუანის მოხმარებით ზედოზირება შეუძლებელია, THC-ს მომაკვდინებელი დოზა 15-70 გრამია, რაც გაცილებით აღემატება ყველაზე მონდომებული მწეველის მიერ ერთ დღეში მიღებულ რაოდენობას. იშვიათია მარიხუანაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაც, კანაბისის მომხმარებლებიდან დამოკიდებული ხდება მხოლოდ 10%.

მარიხუანაზე დამოკიდებულება ვითარდება მაშინ, როცა ტვინი ეგუება THC-ს დიდ რაოდენობას და ამცირებს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ენდოკანაბინოიდების სინთეზს. აბსტინენციის სიმპტომებია ძილის პრობლემები, უმადობა, გულისრევა და მოუსვენრობა. ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას მოხმარებას 18 წლამდე იწყებენ, დამოკიდებულების განვითარების რისკი ოთხჯერ მეტია.

მოქმედებს თუ არა მარიხუანა ინტელექტზე?

არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც მარიხუანას ადრეულ ასაკში, 18 წლამდე ხშირ მოხმარებას გრძელვადიანი და  უარყოფითი ეფექტებიც შეიძლება ჰქონდეს. დიუკის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც მარიხუანის ინტენსიური მოხმარება 18 წლამდე დაიწყეს, 38 წლის ასაკისთვის IQ-ს მაჩვენებელი რვა ქულით დაუქვეითდათ. თუმცა, სხვა, უფრო დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ  კანაბისის მოხმარებას და ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს.  იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც კანაბისის მოხმარებას ადრეულ ასაკში იწყებენ, არ აქვთ ჯანსაღი გარემო სხვა თვალსაზრისითაც. ისინი მოიხმარენ ალკოჰოლსაც და თამბაქოსაც.

კავშირშია თუ არა მარიხუანა ფსიქიკურ დაავადებებთან?

შვედ ახალწვეულებზე ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებში, რომლებიც 18 წლის ასაკამდე მარიხუანას ხშირად მოიხმარდნენ (50-ჯერ ან მეტი) 45 წლის ასაკისთვის შიზოფრენიის განვითარების რისკი სამჯერ უფრო მაღალია. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში მარიხუანის ყოველდღიური მოხმარება სიმპტომებს აუარესებს. გაცილებით უფრო ნაკლებად მკაფიოა კანაბისის კავშირი დეპრესიასთან, უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ უფრო ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას.

უფრო ძლიერი, მაღალი ეფექტურობის მარიხუანა, რომელიც უფრო ნაკლებ კანაბიდიოლს (CBD) და მეტ ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC) შეიცავს, დაკავშირებულია ფსიქოზის განვითარების გაზრდილ რისკთან. CBD მოქმედებს როგორც ანტიფსიქოზური საშუალება და THC-ს ზოგიერთ უარყოფითი ეფექტის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

სხვა რისკები?

ალკოჰოლთან და თამბაქოსთან შედარებით მარიხუანა არის გაცილებით უსაფრთხო ნარკოტიკი, მაგრამ მისი მოხმარებაც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. მაღალი THC-ს შემცველი მარიხუანა ზრდის შიზოფრენიის განვითარების რისკს, არ არის სასურველი ორსულობისას და ადრეულ ასაკში.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარიხუანა იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ინსულტს, დიაბეტს ან კიბოს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მეცნიერებების, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნული აკადემიის ანგარიშის თანახმად. მარიხუანის ხშირი მოხმარება ზრდის ქრონიკული ბრონქიტის ეპიზოდებს, ორსულ ქალებში კი მან შესაძლოა ახალშობილის მცირე წონა გამოიწვიოს.

კომენტარები