არჩევნები 2018

ვაშაძე საარჩევნო შეთანხმებაზე: ჩამოვიკიდებ საწოლის თავთან, რომ ყველა მუხლი შევისწავლო

10 ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის დადებული შეთანხმება არ უნახავს. კითხვაზე, ევროპულ საქართველოზე სიტყვიერი თავდასხმით დაირღვა თუ არა საარჩევნო შეთანხმება, ვაშაძე პასუხობს, რომ მას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

"არ ვიცი, მე ეს ოქმი არ მინახავს, მასზე ხელი არ მომიწერია, ამიტომ ახლა რომ ჩავალ თბილისში, გავეცნობი ამ უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს და ჩამოვიკიდებ საწოლის თავთან, რომ კარგად მქონდეს ყველა მუხლი შესწავლილი" - თქვა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 10 ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა გუშინ ამომრჩეველთან შეხვედრისას თქვა, რომ "არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება, ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები".

10 ივლისს, ვროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ერთერთი პუნქტის თანახმად, "საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ერთმანეთი და ჩვენ შორის განსხვავებები არ იქნება თავდასხმის სამიზნე".

კომენტარები