ლაოსი

ლაოსში კაშხლის ჩამონგრევას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ასზე მეტი

ABC

გუშინ ლაოსში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოიშალა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 19 ადამიანი, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ასზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა ასობით სახლი. 6,600-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

კომპანიის განცხადებით, რომელიც ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, კაშხლის დანგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

ეს კაშხალი ერთ-ერთია იმ 120-დან, რომელის მშენებლობაც ქვეყნის ახალი ამბიციური პროექტის ფარგლებში 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო და რაც ლაოსს შესაძლებლობას მისცემდა დაეწყო ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი კაშხლების მშენებლობას აპროტესტებს. კაშხალი ლაოსში გასულ წელსაც ჩამოინგრა და შვიდი სოფელი დატბორა.

კომენტარები