ხორავას ქუჩის საქმე

დავით სარალიძე 17 წლის გახდებოდა - მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი "დათუჩა" შეიქმნა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის სახელობის საქველმოქმედო ფონდი "დათუჩა" შეიქმნა. ფონდის დაარსების შესახებ დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დავით სარალიძე დღეს 17 წლის გახდებოდა - სწორედ მის იუბილეს დაამთხვია ზაზა სარალიძემ ფონდის პრეზენტაცია.

"ჩემი შვილი ყოველთვის მზად იყო სიკეთის დაკეთებლად, ამიტომ გადავწყვიტე, დამეარსებინა მისი სახელობის ფონდი "დათუჩა". ფონდი დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ავადმყოფ ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს. მე სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში, ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებული ადამიანია ქვეყანაში. ამიტომ გადავწყვიტე ფონდის შექმნა, რომ ჩემი შვილის სახელით გავუწიო დახმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს" - თქვა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, ფონდი დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე. ასევე, ჩაატარებენ აქციებს, სადაც "ზოგი ტანსაცმლით დაეხმარება გაჭირვებულებს, ზოგი პროდუქტით, სათამაშოებით".

16 წლის დათო სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების ჩხუბის დროს მოკლეს. 

კომენტარები