იტალია

მატეო სალვინის ევროპის მასშტაბით ნაციონალისტური პარტიების ქსელის შექმნა სურს

მატეო სალვინი
EPA

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ ევროპის მასშტაბით ნაციონალისტური პარტიების ქსელის შექმნა სურს.

სალვინის თქმით "ევროპის ლიგების ლიგა" გააერთიანებს "ყველა თავისუფალ და დამოუკიდებელ მოძრაობას, რომელსაც საკუთარი ხალხის და საზღვრების დაცვა სურს."

"გამარჯვებისათვის ჩვენ უნდა გაგვეერთიანებინა იტალია. ახლა ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ევროპა." თქვა სალვინიმ.

სალვინის თქმით 2019 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება საკითხზე "ევროპა საზღვრების გარეშე" და "ევროპა რომელიც იცავს საკუთარ მოქალაქეებს."

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ სალვინი ევროპის ულტრა-მემარჯვენე ლიდერების შეკრებას დაესწრო, რომელსაც მარინ ლე პენი მასპინძლობდა.

გასულ თვეს სალვინიმ თქვა, რომ იტალია ევროპის "მიგრანტთა თავშესაფარი" აღარ იქნება.

"ნათელია, რომ იტალია მიატოვეს. ახლა ფაქტები უნდა დავინახოთ." "ან ევროპა დაგვეხმარება გავაძლიეროთ უსაფრთხოება, ან ამას სხვა მეთოდებით მივაღწევთ." თქვა სალვინიმ.

ამის შემდეგ სალვინიმ გემს, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი 630 ადამიანი გადაარჩინა, იტალიური პორტებით სარგებლობაზე უარი უთხრა. სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Méditerranée-ს გემი Aquarius საბოლოოდ ვალენსიის პორტმა მიიღო.

სალვინიმ ევროკავშირს მოუწოდა დაიცვას საკუთარი საზღვრები აფრიკიდან მომავალი მიგრანტებისაგან და თქვა, რომ იტალია ევროკავშირისადმი ფინანსურ ვალდებულებებს გადახედავს, თუ ისინი ქვეყანას მიგრაციის კრიზისის დაძლევაში არ დაეხმარებიან.

"ევროპაში ატმოსფერო იცვლება და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი... ჩვენ დარწმუნებულები ვართ ავსტრიის (ევროკავშირის) პრეზიდენტობაში და გვჯერა ევროპელი კოლეგების კეთილგონიერების, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ გვსურს ხელახალი მოლაპარაკებები იტალიის მიერ ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით" - თქვა სალვინიმ ავსტრიის ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახესთან შეხვედრისას.

"მიზანს გარე საზღვრების დაცვა წარმოადგენს, არა ევროპული ქვეყნებისათვის პრობლემის გაზიარება, არამედ მისი გადაჭრა სათავესთან... თუ ევროკავშირში ვინმეს ჰგონია, რომ იტალიამ უნდა გააგრძელოს ჩასვლის ადგილის და მიგრანტთა ბანაკის როლში ყოფნა, მათ საკითხი არასწორად ესმით." თქვა სალვინიმ.

გარდა ამისა, სალვინი პირობას დებს, რომ ქვეყნიდან გააძევებს ათასობით ბოშას, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 28-29 ივნისს გამართულ სამიტზე მიგრაციის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

9-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგელობას გადაინაწილებენ. ეს მოთხოვნა იტალიის პრემიერმინისტრმა წამოაყენა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. "იტალია მარტო აღარ არის." თქვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯუზეპე კონტემ.

კომენტარები