დაუსრულებელი მშენებლობები

კალაძემ მოადგილეს შეჩერებული მშენებლობების პრობლემაზე გეგმის შემუშავება დაავალა

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს ილია ელოშვილს დედაქალაქში დაუსრულებელი მშნებელობების პრობლემის მოგვარების გეგმის შემუშავება დაავალა. კახა კალაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს მერიასთან ამ პრობლემის გადასაჭრელად.

„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ
ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის
მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ
უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა, ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის. ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოახლეობას, იმიტომ რომ ყველა რაიონშია ასეთი შენობები. ერთის მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალქის იერსახისთვის და მეორეს მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდედ არის
ქცეული." - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით, დაუსრულებელი მშენებლობები უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა დემონტაჟს დაექვემდებაროს. ელოშვილის თქმითვე, დაუსრულებელი მშენებლობები ოთხ კატეგორიად იყოფა.

"ერთი არის, რომელსაც ფაქტობრივად შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ასევე დაინტერესებულია სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურთ მშენებლობის დაწყება და ეს უკვე მოლაპარაკების ნაწილია და თითოეულ მათგანთან წარიმართება ინდივიდუალური მოლაპარაკება. მეორე ტიპის მშენებლობებია, სადაც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული. აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის შესწავლა და განხილვა, რა ტიპის ფინანსური პრობლემები აქვს და ასევე, რა შეუძლია საშემოსავლო სამსახურს და ქალაქის მთავრობას, რომ სათითაოდ, ინდივიდუალურად მოვაგვაროთ, რისი გამოსწორება შეიძლება. მესამე ტიპის შეჩერებული მშენებლობებია, სადაც იურიდიულ დავებში არიან შესული და აქაც იურიდიული კუთხით იქნება შესახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. მეოთხე ტიპის მშენებლობებია, რომლებიც უბრალოდ გაჩერებულია, პატრონი არ არის და არ ჩანს, ვინ არის მფლობელი. ასეთ შემთხვევაში, აქ უკვე საჭირო იქნება რაღაც საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, ინდივიდუალურად ან დაკონსერვება ასეთი მშენებლობების, ან ალბათ უკვე საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, კერძო საკუთრების უფლების დარღვევის გარეშე, გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი არის კომპლექსური. არ აქვს ერთიანი რაიმე გადაწყვეტილება. თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი მეორე მომენტი, ყოველი ასეთი საკითხის დროს ჩვენც მოვითხოვთ გარკვეულ გარანტიებს, რომ ახალი დაწყებული მშენებლობა არ გადაიქცეს ისევ დაუსრულებელ მშენებლობად. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მშენებლობები გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ან გაგრძელებული, განახლებული მშენებლობები. ან უნდა მივიღოთ დაკონსერვებული მშენებლობები ან დემონტაჟს დაქვემდებარებული მშენებლობები და საბოლოოდ მოწესრიგდეს ქალაქი”, – ამბობს ელოშვილი.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები