იტალია

იტალიის შს მინისტრმა გემს, რომელმაც 629 მიგრანტი გადაარჩინა პორტები დაუხურა

SOS MEDITERRANEE

საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Méditerranée-ს გემმა Aquarius-მა ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან 629 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის 123 არასრულწლოვანი და 7 ორსული ქალია. მათი უმეტესობა ერითრეადან, განადან, ნიგერიიდან და სუდანიდან ევროპაში არალეგალურად გადასვლას ლიბიის გავლით ცდილობდა.

იტალიის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ გემს იტალიური პორტებით სარგებლობაზე უარი უთხრა. სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს.

"მალტა არავის იღებს. საფრანგეთი ხალხს საზღვრიდან აბრუნებს. ესპანეთი საკუთარ საზღვრებს იარაღით იცავს. შეუძლებელია რომ მალტამ დახმარების ყველა თხოვნას უარით უპასუხოს. ღმერთმა მალტა სიცილიაზე უფრო ახლოს განათავსა აფრიკასთან." თქვა სალვინიმ.

მალტა აცხადებს, რომ გემმა მიგრანტები ლიბიის წყლებიდან აიყვანა და შესაბამისად ისინი იტალიის იურისდიქციაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქის, მათ შორის პალერმოს მერმა გადაწყვიტა გემს მათ პორტში შესვლის უფლება მისცეს, სანაპირო დაცვის მხადაჭერის გარეშე გემი პორტებში შესვლას ვერ შეძლებს.

შეგახსნებთ, რომ იტალიის ოფიციალური პირების განცხადებით, მხოლოდ მიმდინარე წელს იტალიამ 13,500 მიგრანტი დაარეგისტრირა. 2014 წლის შემდეგ სიცილიაში ჩრდილოეთ აფრიკიდან 600,000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

გასულ კვირას მატეო სალვინი სიცილიას ეწვია და განაცხადა, რომ იტალია ევროპის "მიგრანტთა თავშესაფარი" აღარ იქნება.

"ნათელია, რომ იტალია მიატოვეს. ახლა ფაქტები უნდა დავინახოთ." "ან ევროპა დაგვეხმარება გავაძლიეროთ უსაფრთხოება, ან ამას სხვა მეთოდებით მივაღწევთ." თქვა სალვინიმ.

"ჩრდილოეთის ლიგა" წინასაარჩევნო კაპმანიისას აცხადებნდა, რომ იტალიაში მყოფი მიგრანტების უმეტესობას ლეგალური სტატუსის მიღების უფლება არ აქვთ, იტალია მათ ვერ ეხმარება და ეს იტალიის ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს.

კომენტარები