დიდი შვიდეულის სამიტი

ტრამპმა G7-ის ერთობლივ კომუნიკეს ტრუდოსთან დაპირისპირების გამო ხელი არ მოაწერა

დიდი შვიდეულის ლიდერები კვებეკის სამიტზე
AFP

კანადაში, კვებეკში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეული ქვეყნების ლიდერებმა, გარდა დონალდ ტრამპისა, ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.

დონალდ ტრამპმა კომუნიკესგან გამიჯვნის მიზეზად ჯასტინ ტრუდოს "მცდარი განცხადებები" და ის ფაქტი დაასახელა, რომ კანადა აშშ-ის ფერმერებს და კომპანიებს მსხვილ ტარიფებს უწესებს.

დონალდ ტრამპის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კადლოუმ, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტზეც იმყოფებოდა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ერთობლივ კომუნიკეს ჯასტინ ტრუდოს მიერ "ზურგში დანის ჩარტყმის" გამო არ შეუერთდა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას "დეპრესიული" და "გამოსაფხიზლებელი" უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოოპერაცია "სიბრაზით და წამოსროლილი რეპლიკებით არ უნდა იყოს ნაკარნახები."

დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ მოკავშირე ქვეყნების ლიდერები Twitter-ზეც გააკრიტიკა. ტრამპის თქმით აშშ NATO-ს ხარჯებს მთლიანად ფარავს იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებიც აშშ-ს "ვაჭრობაში არაკეთილსინდისიერად ექცევიან".

"ისინი ხარჯების ძალიან მცირე ნაწილს იხდია და იცინიან. ცვლილებები მოდის!" დაწერა მან.

"უკაცრავად, ჩვენ ვეღარ მივცემთ ჩვენს მეგობრებს, ან მტრებს, უფლებას გამოგვიყენონ საკუთარი სავაჭრო ინტერესებისათვის. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკელი მშრომელები უნდა დავაყენოთ!" დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მშრომელების "დასჯა" არ სურს, კანადის ინტერესების დასაცავად, აშშ-ის მიერ შემოღებული ტარიფების საპასუხოდ, მომდევნო თვიდან აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების გაზრდას აპირებს.

კომენტარები