ზაზა სარალიძე

სარალიძე: კომისიას ვენდობი, მგონია გამოააშკარავებენ, ვინც საქმე გააყალბა

ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომისიას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც მას საქმესთან დაკავშირებით გააჩნია. 

"აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას მივაწვდი. იმედი მაქვს, გამოაშკარავდება, ვინ შეკერა ეს საქმე. 10 ივნისამდე ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩამოვუთვალე კონკრეტული პირები, რომელთა დაკავების საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ, ჩვეულებრივად გაგრძელდება აქციები იმის მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს. კომისიაში მხოლოდ და მხოლოდ ეკა ბესელიას ყოფნაზე მქონდა პრეტენზია. კომისიას ვენდობი იმ ნაწილში, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ იმ პირებს, ვინც გააყალბა და შეთითხნა ეს საქმე", - თქვა სარალიძემ

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხს შეისწავლის, დღეს პირველად იკრიბება. კომისია 17 წევრისგან შედგება, მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელია. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი - შსს-ის თანამშრომელი იყო. 

31 მაისს სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

შესაბამისად, საქმეში დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. ზაზა სარალიძემ ეს ფაქტი პროკურატურასთან გააპროტესტა, რასაც შემდეგ რამდენიმედღიანი მასშტაბური აქცია მოჰყვა. თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუმცა, სარალიძე მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, ასევე ითხოვს საქმის პროკურორების დასჯას. ის თვლის, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა და რომ ეს უწყების მაღალჩინოსნების ბრალია. 

კომენტარები