ხორავას ქუჩის საქმე

NGO-ები: კომისიის მუშაობის დაწყებამდე, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს

მთავარი პროკურატურა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე, თანამდებობა უნდა დატოვოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა. მათი განცხადებით, ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე დარჩენა ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის ნებისმიერ მცდელობას, შეისწავლოს პროკურატურის ქმედებების კანონიერება.

"საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, გონივრულია. თუმცა, დროებითი საგამოძიებო კომისიის უპირველესი ამოცანაა, საქართველოს პროკურატურის მიერ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, შესწავლა და შეფასება. სხვა შემთხვევაში, კომისიის მუშაობა იქნება ფორმალური და უშედეგო. ამავდროულად, კომისია ვერ ჩაანაცვლებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს და სასამართლოს, რაც გულისხმობს, რომ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურის პასუხისმგებლობაა.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მიანიშნებს, რომ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები პროკურატურის მიერ ამ საქმეზე განხორციელებული ქმედებების და საქმის შედეგით შესაძლო დაინტერესების შესახებ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, დროებით საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა მხოლოდ მთავარი პროკურორის ნებართვის შემთხვევაში ექნება. შესაბამისად, მოქმედი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენა, ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის მხრიდან ნებისმიერ მცდელობას, შეისწავლოს პროკურატურის ქმედებების კანონიერება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ლეგიტიმურ და სამართლიან პროტესტს იწვევს. დღემდე არაერთი გახმაურებული საქმე გამოუძიბელი და პასუხგაუცემელია. ნათელია, რომ მოქმედი საგამოძიებო სისტემა ვერ პასუხობს შექმნილ კრიზისულ ვითარებას და ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა წარმართოს მაქსიმალურად ღიად და კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ღია საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი, გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო სარალიძის არა მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.

 

კომენტარები