აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეას კიმთან შეხვედრის ჩაშლის შესახებ აშშ-სთვის არ უცნობებია

კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიერ კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის მუქარაზე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაიმართება თუ არა 12 ივნისს სინგაპურში მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეხვედრა დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ვნახავთ რა მოხდება."

მისივე თქმით ჩრდილოეთ კორეას აშშ-სათვის შეხვედრის ჩაშლის შესახებ არ უცნობებია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად მუქარისა ის აპირებს სამიტზე მოსთხოვოს კიმ ჩენ ინს ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია, თუმცა უცნობია რა ვადების დაწესებას აპირებს აშშ და შეეხება თუ არა განიარაღების პროცესი ბირთვულ იარაღთან ერთად ბალისტიკურ რაკეტებსაც.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის პრეზიდენტსა და კიმ ჩენ ინს შორის 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით იმუქრება, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს რომ ქვეყანამ სრულად დათმოს ბირთვული იარაღი.

კიმ ჩენ ინის განცხადება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო, KCNA-მ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას კუთხეში მიიწყვდევს და ცალმხრივ მოთხოვნებს წაუყენებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისადმი ინტერესს დაკარგავს და 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჩაშლის.

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ თუ წინამორბედების გზას გაჰყვება და უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის დათმობის გარეშე მოლაპარაკებებზე, ის ისტორიას დარჩება როგორც უფრო ტრაგიკული და წარუმატებელი პრეზიდენტი, ვიდრე მისი წინამორბედები.

განცხადება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებას მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაუშვებს სამხედრო წვრთნებს, თუმცა შემდეგ მათ პროვოკაციული ქმედება უწოდა რომელიც დიპლომატიურ მცდელობებს საფუძველს ურყევს.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს უპასუხისმგებლო განცხადებებში და მავნებლური განზრახვების ქონაში ადანაშაულებს. მათი თქმით ამის უკან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი დგას.

"ჩვენ არ ვმალავთ მასთან შეუთავსებლობის გრძნობას." თქვა ჩრიდლოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს.

ჯონ ბოლტონის აზრით ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს უნდა მიჰყვეს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ლიბია თავიდან აირიდებდა 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს, ბირთვული პროგრამის ნაწილი რომ შეენარჩუნებინა. ჯონ ბოლტონს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმები სრულიად ლეგიტიმური იქნება.

თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისათვის კარი ყოველთვის ღიაა. მან ასევე თქვა, რომ ჯონ ბოლტონის მიერ წამოყენებული ბირთვული განიარაღების მოდელი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და დონალდ ტრამპს ამ პროცესზე საკუთარი ხედვა აქვს.

კომენტარები