TTC მეტროს მემანქანეებს: გაითავისეთ თქვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს, "მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც გააჩნიათ საზოგადოების წინაშე". სატრანსპორტო კომპანიის განცხადებითვე, "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება". ცნობისთვის, მეტროს მემანქანეები ხუთშაბათიდან, 3 მაისიდან გაფიცვას გეგმავენ. ეს მათ დღეს თავად დააანონსეს და სადგურ რუსთაველთან გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს. პროფესიული კავშირის "ერთობა 2013“-ის წევრები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდას ითხოვენ.

"კერძოდ, კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით

წლები 2013 -2014- 2015- 2016- 2017

მემანქანე ინსტრუქტორი: 1,824 ლარი, 1,962 ლარი, 1,968 ლარი, 2,046 ლარი, 2,158 ლარი;

ხაზის მემანქანე: 1,605 ლარი 1,700 ლარი, 1,730 ლარი, 1,794 ლარი, 1,827 ლარი;

სატრანსპორტო კომპანიამ საწყის ეტაპზევე აქტიურად დაიწყო მემანქანეების მოთხოვნების განხილვა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით. მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს" - აცხადებს სატრანსპორტო კომპანია და აღნიშნავს, რომ "ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის".

კერძოდ, მათი ცნობით, მეტროს მემანქანეებისთვის მოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე, თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად.

"კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს, უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე. თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები