ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონებს მაისში დახურავს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონებს მაისში დახურავს, რის შემდეგაც ქვეყანა გადადგმული ნაბიჯის შეფასებისთვის საერთაშორისო ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მიიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ რათა მიმდინარე წელს 1950 წელს დაწყებული კორეის ომის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადონ.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

ამასთანავე მზადდება შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის. თუმცა ამ შეხვედრის ადგილმდებარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა ტრამპის თქმით, დიალოგის საბოლოო შედეგებს მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეას CIA-ს ყოფილი დირექტორი და ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია და კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დეტალები განიხილა.

კომენტარები