სკრიპალების მოწამვლის საქმე

სახ.დეპ-ი: ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი რუსეთია

Getty Images

დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო შეხვდებიან, რათა 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმეზე უკანასკნელი მიგნებები განიხილონ. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს დიდ ბრიტანეთს და დღევანდელი განსაკუთრებული შეხვედრის საჭიროებას და ეთანხმება დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. 

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დამოუკიდებელი ანგარიში გასულ კვირას გამოვიდა, მასში დადასტურებულია დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარებული ​ანალიზის შედეგები, რომ ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების წინააღმდეგ მართლაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 

"როგორც ნათლად განვაცხადეთ, აშშ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ აქ მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია, როგორც მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში, ასევე მაშინ, თუ რუსეთმა ვერ უზრუნველყო მის მიერ წარმოებული ნერვული ნივთიერება სათანადოდ დაცვა.

მხოლოდ რუსეთის მთავრობას აქვს მოტივი, საშუალებები და გამოცდილება, ჩაედინა მსგავსი თავდასხმა. რუსეთმა შეიმუშავა სამხედრო-კლასის ნერვიული ნივთიერება, რათა ჩაედინა სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი მკვლელობები. 

ნაცვლად იმისა, რომ რუსეთმა შეცვალოს მავნე და დესტრუქციული ქმედებები, რუსეთის მთავრობა მხოლოდ უარყოფს და თავისი ბრალეულობის უგულებელყოფის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას კონტრ-ბრალდებებს სთავაზობს. 

აშშ გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას, სადაც, როდესაც და ვის მიერაც არ უნდა მოხდეს ეს. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში, შემოგვიერთდნენ ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნაში. ჩვენ ვერ დავუშვებთ ქიმიური იარაღის გამოყენების ნორმალიზებას“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები