რუსეთი-აშშ

რუსეთი აშშ-ს ასადის ძალებზე თავდასხმის შემთხვევაში რაკეტების ჩამოგდებით ემუქრება

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ სირიაში ასადის რეჟიმზე თავდასხმის შემთხვევაში მათ რაკეტებს ჩამოაგდებენ და რაკეტის გაშვების ადგილს მიზანში ამოიღებენ.

ამის შესახებ ლიბანში რუსეთის ელჩმა განაცხადა.

"ამერიკელების მიერ საჰაერო თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში რაკეტებს ჩამოვაგდებთ და მიზანში ამოვიღებთ წყაროს საიდანაც რაკეტა გაისროლეს." თქვა ალექსანდ ზასიპკინმა ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ტელევიზია al-Manar-თან საუბრისას.

მისივე თქმით სირიაში რუსეთისა და აშშ-ის ძალებს შორის დაპირისპირება უნდა გამოირიცხოს და ამისათვის მოლაპარაკებები უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს უსაფრთხოების ახალ მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას სავარაუდოდ სირიაში საპასუხო ქმედებები განიხილა. შეხვედრამდე მან თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად სამოქმედო გეგმას უახლოეს 48 საათში შეიმუშავებდა.

გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით საპასუხო ქმედებებს ისინი აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაიმუქრა.

დღეს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მხარეებს სირიაში საპასუხო ქმედებების განხორციელებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მისი თქმით რუსეთი მისი მოკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო ქმედებებს ეწინააღმდეგება.

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია Eurocontrol-მა ავიახაზებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ფრენების განხორციელებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მიზეზად უახლოეს 72 საათში სირიაში შესაძლო სარაკეტო დარტყმები სახელდება.

Eurocontrol-ის მიხედვით ამ პერიოდში მოსალოდნელია სარაკეტო იერიშების გახშირება, რამაც შესაძლოა ნავიგაციის მოწყობილობების მუშაობას ხელი შეუშალოს.

კომენტარები