ქრთამის აღება

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, სამტრედიის მერის მოადგილე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადრატული მეტრი ორი მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა. 

"2018 წლის 3 აპრილს  ირაკლი ს-მ  ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით), რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები