ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ზურაბ ალავიძე გადადგა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება

gov.ge

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ახალი მინისტრი წარადგინა. კვირიკაშვილის განცხადებით, ზურაბ ალავიძემ მას კერძო სექტორში გადასვლა სთხოვა, რასაც ვერ შეეწინააღმდეგა. ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

პრემიერმინისტრმა უარყო ინფორმაცია რომ ალავიძის ცვლილება სამინისტროში არსებულ ტენდერებს უკავშირდება. კვირიკაშვილის თქმით, "ჩვენ ვნახეთ ეგრეთწოდებული ოპოზიციონერები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ აყოლილი იყვნენ მითქმა-მოთქმას."

"რამდენიმე დღის წინ მან მომართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რათა ის დარჩენაზე დამეყოლიებინა, მაგრამ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება. 

ზურა ყოველთვის იყო ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი, მან ეს საქმითაც დაადასტურა. დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რიკოთის ახალი გზა, ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზა და ასე შემდეგ.

მაია ძალიან წარმატებული უფროისა, მაია ამ საქმეს ძალიან წარმატებით უძღვებოდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს კვირიკაშვილი.

ალავიძე მინისტრი 2016 წლის 11 ნოემბერს გახდა, მან ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლა. იქამდე ალავიძე კანცელარიაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

ალავიძე 2011-2016 წლებში "დარიალი ენერჯის" გენერალური დირექტორი იყო.

კვირიკაშვილმა ისიც თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

"ორიოდე სიტყვა ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები ჩემ გადაყენებაზე - მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ მინდა მათ ვთხოვ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარა ვარ. გამოიძინონ კარგად სანამ საქართველო წინ წავა", - ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები