სექსუალური შევიწროება

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს გამოძიებას დაიწყებს

რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მან ქალებს, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, მოუწოდა, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.

როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.

როდესაც მსხვერპლებიმითუმეტეს ქალბატონები, ასეთ ფაქტებზე ლაპარაკობენ თამამად, როდესაც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ამდენი ადამიანი საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შსს დაკითხავს იმ ადამიანებს, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

"დავკითხავთ მსხვერპლებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს,  ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მეზვრიშვილმა და სექსუალური შევიწროების შესაძლო მსხვერპლებს მიმართა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

"მე მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის, რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მათი დაბარების შემთხვევაში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სიდას უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. აღსანიშნავია, რომ სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

კომენტარები