ევროპული საქართველო

კაპანაძე: პრემიერის რუსეთისთვის მიმართვის შემდეგ შექმნილი ვითარება არაჯანსაღია

ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს ვითარება, რომელიც შეიქმნა პრემიერმინისტრის ძალიან ცუდი მიმართვის შემდეგ, არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას ისევე, როგორც ის შეფასებები, რომელიც შემდეგ კეთდება უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩანდეს, როგორც ძლიერი აქტორი და არა როგორც სუსტი და ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, თუ პირდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის, პირდაპირი დიალოგის ცხინვალთან და სოხუმთან, მათ შორის, ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის და კარგი იქნება, დამსახურებული შენიშვნებისთვის ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, ქვეყანას მიხედონ და მისი ინტერესების დაცვაზე იყვნენ გადართულები. ჟენევის ფორმატის შეცვლა, საბოლოო ჯამში, იქნება რუსეთის მედიატორის სტატუსით გამოჩენა და მისი, როგორც კონფლიქტის მხარის, დაკარგვა. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ სოხუმის და ცხინვალის სტატუსის გაზრდაზე. თუ ეს არ იგულისხმებოდა პრემიერის განცხადებაში, კარგი იქნებოდა, რომ უკეთ განემარტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს რუსეთის მხრიდან გაჟღერებული შეთავაზებიდან

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე საუბრობს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან რუსეთისთვის გაგზავნილ წერილზე, სადაც ორმხრივ მოლაპარაკებებზე იყო საუბარი და რუსეთის საგარეო უწყების პასუხზე

კომენტარები