ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე განაგრძობს. სებ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
"2017 წელს სესხების წლიურმა ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა. გლობალურად და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. 2017 წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გაზრდილი მშპ-ის დეფლატორის გათვალისწინებით, ნომინალური მშპ-ს ზრდამ წინასწარი მონაცემებით 12% შეადგინა. სესხების ფარდობა მშპ-თან 60%-ის ფარგლებშია და ახლოსაა მის გრძელვადიან ტრენდთან, რომელიც ბაზელის მეთოდოლოგიით არის შეფასებული. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები", - ამბობს გვენეტაძე.
საქსტატმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პირველადი მაჩვენებლები უკვე გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით იანვარში ეკონომიკის ზრდამ 4.4% შეადგინა.





