დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

შსს: პოლიცია ბორჯომის საკრებულოში დეპუტატებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ უშვებს

http://sknews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლიცია ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციის დეპუტატებს უსაფრთხოების მიზნით არ უშვებს. 

"სამართალდამცველები ბორჯომის საკრებულოს შენობაში არ უშვებენ პირებს მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირების თავიდან აცილების და მათივე უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ ვართ პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე და მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფთ, პოლიციის შესახებ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად (მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა). ჩვენთვის ქართული ოცნება და სხვა პარტია მნიშვნელოვანი არ არის, ვხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს", - აცხადებს შსს. 

ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვედანაყოფიც არის მობილიზებული. 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ევროპული საქართველოს წევრმა ბაქარ შირაძემ დღეს თქვა, რომ საკრებულოსთან მობილიზებული პოლიცია მას შენობაში შესვლის და უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, პოლიციელები შენობაში მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს უშვებენ, თუმცა მიზეზს არ უმარტავენ

ბორჯომის საკრებულოში გუშინ, 28 თებერვალს ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მიზეზი ქართული ოცნების წევრების მოთხოვნა გახდა, რომელიც მუნიციპალური მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდას ითვალისწინებს. 

ბორჯომის საკრებულო ოპოზიციურია, თუმცა, ბორჯომის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 30 საკითხი განიხილეს, მათგან 29 დაამტკიცეს, ერთი კი უარყვეს. "ჩაგდებული" საკითხი სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ხელფასების გაზრდას გულისხმობდა. 

დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. პიკეტირების მონაწილეებმა ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის კარიც. ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც. 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა იმის გამო, რომ მერს, მის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს ხელფასების რამდენიმე ასეულით ზრდაზე უთხრეს უარი. საკრებულოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლების ხელფასების მხოლოდ მცირედით ზრდას თანხმდებიან.

კომენტარები