ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ევროპულმა საქართველომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა. 

პარტია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას და მათ სანქცირებას ითხოვს. 

ევროპულ საქართველოს სურს, პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს. 

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია: 

"ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების მიერ რეგულარულად ხდება  საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათ შორის, არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მკვლელობა;

ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხდება საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და მკვლელობის წახალისება, როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი კრიმინალების მიერ;

ვინაიდან, რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი, ხელს აფარებს და აფერხებს  საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას;

ვინაიდან, საქართველოს ვერ ახორციელებს გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა სამართლებრივ დევნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

ვინაიდან, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლისთვისაც მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება არის უზენაესი;

ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმი შეუძლებელს ხდის აღსრულებულ იქნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრებასა და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით;

ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმი შეუძლებელს ხდის პასუხისგებაში იქნას მიცემული 2018 წლის 21 თებერვალს ცხინვალში მოკლული  საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები;

ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეთა შემდგომი გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილებისათვის, მნიშვნელოვანია,  რომ საოკუპაციო რეჟიმის თითოეული წარმომადგენლისათვის ცხადი იყოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი მოქალაქეების სიცოხლისა და თავისუფლების დარღვევას და გააკეთებს ყველაფერს დამნაშავეთა და მათი მფარველების დასასჯელად სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

საქართველოს პარლამენტი გმობს:

  1. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და სიცოცხლის მოსპობას;
  2. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ და მსჯავრდებულ პირთა სამართლებრივი დევნისთვის ხელის შეშლას;
  3. საქართველოს მოქალაქის, 2016 წლის 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას;
  4. საქართველოს მოქალაქის, 2018 წლის 21 თებერვალს ცხინვალში მოკლული  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას;
  5. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფუნდამენტურ დარღვევებს;
  6. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მათ შორის და, განსაკუთრებით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობას;
  7. საქართველოს ოკუპირებლ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც დოკუმენტირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  1. შეადგინოს და გამოაქვეყნოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების სია, რომელსაც  ეწოდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.“
  2. ზემოაღნიშნული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე;
  3. გამოიძიოს საქართველოს თითოეული მოქალაქის გატაცებაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი პირების საქმეები და დამდგარი სამართლებრივი შედეგის შესახებ უსწრაფესად ეცნობოს საერთაშორისო პარტნიორებს;
  4. დააყადაღოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან, ეთხოვოთ შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს რათა აღნიშნულ პირებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების, თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მათ ტერიტორიებზე/მათ მიერ კონტროლირებად სივრცეებში;
  5. თხოვოს საქართველოს პარტნიორებს, მოახდინონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება;
  6. აუკრძალოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვედრილ პირებს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის დაწესებული შეღავათებით და უფასო სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა;
  7. განსაზღვროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ წინამდებარე რეზოლუციით განსაზღვრული პირობების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება/უწყებები;
  8. საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ამ რეზოლუციის შესრულების ანგარიში წელიწადში მინიმუმ ორჯერ". 

კომენტარები