ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი ე.წ. გაგრის ჯგუფის 3 წევრს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ სამივე ბრალდებულს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს. ასევე, ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. გაგრის ჯგუფის წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა.

"მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამივე ბრალდებული შეტანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის დოკუმენტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები