იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ანა დოლიძე: იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი სპექტაკლია

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, საბჭოში 51 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ გასაუბრებების პროცესი სპექტაკლია.

"მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აცილების გარეშეც დაადასტურა, რომ გასაუბრებების პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი. მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობაში მყოფი წევრები რა კითხვას დასვამენ, რას იტყვიან ან რა ქულებს დაწერენ, ამ დახურული პროცესის შემდეგ დაინიშნება ის მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი შეთანხება საბჭოს უმრავლესობასთან. ეს არის საბჭოს სისტემური პრობლემა". 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე მოსამართლემ დოლიძის კრიტიკული კითხვების და პოზიციის გამო ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. 

დოლიძის აცილებას გუშინ 4 არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენები პროცესის სანდოობას საფუძველს უთხრის. ორგანიზაციების განცხადებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მოსამართლე ითხოვს გასაუბრების პროცესის დახურვას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაზე და ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ.

კომენტარები