ტენდერი

საკრებულოს თავმჯდომარე: სატენდერო და ზედამხედველობის პროცედურები უფრო გამკაცრდება

თბილისის საკრებულო

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალში უნდა დავხვეწოთ ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებითაც.

გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოს წევრებმა თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძისა და დედაქალაქის სატრანსპორტო კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძისგან მეტროსადგურ "ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

ცნობისთვის, მეტროსადგურ ვარკეთილში ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტროსადგურ ვარკეთილს რეაბილიტაცია 5 თვის წინ ჩაუტარდა. სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა, რაც თბილისის ბიუჯეტს 347 848 ლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ "ყვარელრემშენი" 2015 წლის 25 სექტემბერს ერთი წლით ე.წ შავ სიაში მოხვდა. მიზეზი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. მას "შავ სიაში" ყოფნის ერთწლიანი ვადა 2016 წლის 25 სექტემბერს გაუვიდა. სამ დღეში, 2016 წლის 28 სექტემბერს ტენდერი გამოცხადდა "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, რაშიც "ყვარელრემშენმა" მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

კომენტარები