კალაძე: კომპანიას რა მნიშვნელობა აქვს, ახმეტელზეც შეკიდული ჭერია

თბილისის მერია

კახა კალაძემ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი თბილისის მერიაში გააკეთა. მან ბრიფინგი გამართა და დაადასტურა, რომ ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები შ.პ.ს ყვარელრემმშენმა ჩაატარა და 347 852 ლარი დაჯდა. 

"ვარკეთილის მეტროსადგურში ჩამოინგრა ჭერის კონსტრუქცია, რის გამოც დაშავდა 14 ადამიანი. ამჟამად ექიმები მათ უწევენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, რის ხარჯებსაც თავის თავზე აიღებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მეტროსადგური ახლად გარემონტებული იყო და სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანიამ ყვარელრემმშენმა და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს. ეს სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი.

ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. მე როგორც ვიცი, შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყეს და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ, შემოწმება/მონიტორინგი უკვე არსებულის და ბევრის გამოსწორება გვიწევს", - თქვა კალაძემ.

დღეს დილით ვარკეთილში კალაძემ თქვა, რომ სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ ახმეტელზეც იმავე კომპანიამ ჩაატარა, რომელმაც ვარკეთილში. თუმცა, ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. თბილისის მერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა კომპანიამ ჩაატრა სამუშაოები ახმეტელზე, ვინაიდან იქაც შეკიდული ჭერია. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები