გაეროს უშიშროების საბჭო

აშშ-ის ელჩი გაეროში: რუსეთი ასადის რეჟიმის დანაშაულებების თანამონაწილეა

ნიკი ჰეილი
Business Insider

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოში რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე თვალის დახუჭვის გამო გააკრიტიკა.

გუშინ გამოქვეყნებული გაეროს ანგარიში მიხედვით სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

უშიშროების საბჭოს შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად ახალი მექანიზმების შემუშავებას ეხებოდა.

ნიკი ჰეილის თქმით ეს მიუღებელია და რუსეთს საშუალებას არ მისცემენ ხელი შეუშალოს სიმართლის გარკვევას.

"რუსეთი ფაქტებს გაურბის" თქვა ჰეილიმ და ქიმიურ თავდასხმაში რუსეთის მიერ მხარდაჭრილი ასადის ძალები დაადანაშაულა. მისი თქმით ქიმიური იარაღი ზუსტად იმ ტერიტორიებზე გამოიყენეს, რომლის აღებას ასადის ძალები ცდილობდნენ.

"ჩვენ ვიცით, რომ წლების მანძილზე რუსეთი თვალს ხუჭავდა მათი სირიელი მეგობრების მიერ საშინელი საბრძოლო მეთოდების გამოყენებაზე. რუსეთი ასადის რეჟიმის დანაშაულებების თანამონაწილეა. იტყვის რუსეთი დღეს რამეs ასადის ბარბაროსული დანაშაულებებისაგან გამოწვეულ ტანჯვაზე? მოსთხოვენ ისინი პასუხის ასადს? რა თქმა უნდა, არა. ისინი ამას არასოდეს აკეთებენ."

გაეროში რუსეთის ელჩის თქმით ბრალდებები უსაფუძვლოა და რუსეთსა და ასადის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან საერთო არაფერი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების შეეხებოდა, ვეტო სამჯერ დაადო.

 

კომენტარები