გაეროს უშიშროების საბჭო

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში იერუსალიმის საკითხზე რეზოლუციას ვეტო დაადო

NDTV

ეგვიპტის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. რეზოლუცია, რომელსაც აშშ-ის გარდა საბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, თეთრი სახლის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას აკრიტიკებდა და აშშ-ს მისი შეცვლისაკენ მოუწოდებდა.

"დღეს იმისათვის, რომ ვცანით ელემენტარული ჭეშმარიტება ისრაელის დედაქალაქის შესახებ, გვადანაშაულებენ მშვიდობისათვის ზიანის მიყენებაში." თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ და დაამატა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესებს ზიანს არ მიაყენებს და რომ აშშ კლვავ მხარს უჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვეტოს შემდეგ სოციალური მედიის მეშვეობით დონალდ ტრამპს და ნიკი ჰეილის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია 2334 ისრეალს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებისათვის და ამით საერთაშორისო სამართლის დარღვევისათვის აკრიტიკებდა. მაშინ საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. ნიკი ჰეილის განცხადებით ხელახალი ხმის მიცემის შემთხვევაში აშშ ამ რეზოლუციასაც ვეტოს დაადებდა, რადგან ის სწორედ იმ სამშვიდობო პროცესებს აფერხებს, რომლის ხელის შეწყობასაც ისახავს მიზნად.

კომენტარები