პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა.

"მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი, სამართლებრივი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე, ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას ამ მიმართულებით,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ანა ნაცვლიშვილმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს თანამდებობა უდიდესი პატივია.

"ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად, ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით, გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში,"- თქვა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. ის მოვალეობის შესრულებას 17 იანვრიდან შეუდგება.

კომენტარები