მსჯავრდებულთა შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 172 კაცია, 12 ქალი და 3 არასრულწლოვანი. 

ზვიად ქორიძის განცხადებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 123 მსჯავრდებული გათავისუფლდა. აქედან 114 კაცია, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანი.

შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 58 კაცს, 4 ქალს და 2 არასრულწლოვანს.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია ნარკოდანაშაულის მიმართ.

"იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", - აღნიშნა ქორიძემ.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 1182 პირის საქმე განიხილა და კომისიის მუშაობის შედეგად, 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული.

კომენტარები