სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

უწყებათა ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

"მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება.

სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები