პრემიერის ბრიფინგი დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დღეს, 11 საათზე გაიმართება.
ვერსიები, ვინ შეინარჩუნებს პოსტს და ვინ გადაინაცვლებს სხვა უწყებაში, მედიით გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, სამინისტროების რიცხვი 18-დან 13-მდე შემცირდება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები; ერთი უწყება გახდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროებიც;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება, კულტურის სამინისტრო კი - სპორტისას.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდება და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს: გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი ახალ სახელმწიფო საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს;
ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების მინისტრი მოქმედი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.
სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს მიღმა დარჩება გიორგი მღებრიშვილი. თუმცა, ის იმ უწყებას უხელმძღვანელებს, რომელიც კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაერთიანებით შეიქმნება. არსებული ცნობებით, კრიზისების მართვის საბჭო უქმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი, შსს-ის დაქვემდებარებიდან გამოვა და ერთ ახალ უწყებად ჩამოყალიბდება.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ, მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა.
საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს.





