საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

რეფორმის სქემა:

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

სად წავა ეს ფული?

კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში "საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში" - ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის ფულის უდიდესი ნაწილი განთავსდება მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ანუ მთავრობის შიდა ვალში. მეტიც, ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგაც, დაზოგილი თანხის ნახევრის სამთავრობო შიდა ვალში ჩადება იქნება შესაძლებელი. ფონდის დანარჩენი აქტივები კი, კერძო რესურსებში უნდა ჩაიდოს.

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფო დათმობაზე მიდის, როდესაც საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი კონტრიბუტორი ხდება და საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულ 2%-ს ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მოქალაქეთა საპენსიო ფონდში მიმართავს. სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის, რადგანაც რეფორმიდან მთავრობა იმაზე დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ის 2%-ია, რასაც კონტრიბუციის სახით გასცემს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაზოგილი თანხა ჩაიდება შიდა ვალში. 

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით საქართველოს ეკონომიკიდან სესხულობს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს. დღეისთვის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ძირითადად კომერციული ბანკები ყიდულობენ.

რეფორმის პროექტის მიხედვით კი, მთავრობას სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გაზრდა შეეძლება, რადგანაც ამ ობლიგაციებს საპენსიო ფონდის სახით სტაბილური მყიდველი ეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ საპენსიო რეფორმა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

რატომ არის შიდა ვალი პრობლემა?

მთავრობასა და კერძო ინსტიტუციებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება არის ის, რომ სახელმწიფო მოგებაზე ორიენტირებული არაა. სახელმწიფოსთვის შემოსავლის მიღების რამდენიმე წყარო არსებობს, რომელთაგან უმთავრესი საგადასახადო შემოსავლებია. შემოსავლის მიღების სხვა წყაროებია საგარეო და შიდა ვალი.

ვალი არის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ მომავალში უნდა გადაიხადოს. კომერციული ორგანიზაციისგან განსხვავებით, რომელიც ვალის გასტუმრებისთვის საკუთარი პროდუქციის/სერვისის რეალიზაციით მიღებულ თანხას იყენებს, სახელმწიფოსთვის ვალის გასტუმრების მთავარი წყარო ისევე საგადახადაო შემოსავალია.

თუ მთავრობამ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ვალად აიღო, მომავალში ამ ვალის გასტუმრებისთვის, მან შესაძლოა, გადასახადები გაზარდოს, რაშიც მას კონსტიტუციაც ვერ შეუშლის ხელს. კონსტიტუციის მუხლი, რომელიც რეფერენდუმის გარეშე გადასახადის ზრდას გამორიცხავს, ქართული ოცნების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მხოლოდ 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, 12 წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობას გადასახადების გაზრდა შეეძლება.

ფონდის მოქმედების ჰიპოთეტური სქემა ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

  • 2018 წელს 1 ლარის სახით საპენსიო შენატანი შეგროვდა;
  • 2018 წელს 1 ლარი ასესხა ფონდმა მთავრობას;
  • 2018 წელს მთავრობამ ხარჯვა გაზარდა ამ 1 ლარით;
  • 2038 წელს მთავრობა ზრდის გადასახადებს 1 ლარით პლიუს 1 ლარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთით, რათა ფონდს ვალი დაუბრუნოს;
  • 2038 წელს 1 ლარს პლუს საპროცენტო განაკვეთი დაუბრუნდა საპენსიო ფონდს და აღნიშნული თანხა პენსიის სახით გაიცა;

ამ სქემის მიხედვით ფონდი ფიქციურია, რადგანაც მთავრობამ ვალის გასტუმრებისთვის გადასახადები გაზარდა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი ვალდებულება ისევ მოსახლეობას დააწვა ტვირთად. 

იმისდა მიუხედავად, რომ მთავრობამ ფონდის მიმართ ვალი დააბრუნა, ეს მაინც შეიძლება მოსახლეობის ფულის მითვისებად ჩაითვალოს, რადგანაც სახელმწიფო შიდა ვალის სახით მიღებულ თანხას საკუთარი ნებასურვილის მიხედვით ხარჯავს სხვადასხვა პროექტზე, წლების შემდგომ კი, ვალის გასტუმრებისთვის მას გადასახადების გაზრდა შეეძლება.

მთავრობის სესხების ზრდას სხვა პრობლემაც ახლავს თან. იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს, ის ამ დროს კონკურენციაში შედის ჩვეულებრივ მომხმარებლებთან (ვალის აღების მსურველ ბიზნესებთან, ფიზიკურ პირებთან) რომელთაც სესხის აღება უნდათ. ამას "გამოდევნის ეფექტი" ეწოდება. მის გამო, ქვეყანაში კრედიტის მოზიდვა რთულდება, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კი, იზრდება.

გადასახადების შესაძლო ზრდასთან ერთად არსებობს რისკი, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდში არსებული ფული კრიზისულ ვითარებაში მიითვისოს

2014 წელს პოლონეთის მთავრობამ მიითვისა საპენსიფო ფონდებში განთავსებული $39 მილიარდი დოლარი და ის სახელმწიფო ობლიგაციებში განათავსა. ამ ნაბიჯით ქვეყანა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებას ცდილობდა. 

რა არის დამსაქმებლის 2% და რატომ აძვირებს რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალას

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  1. დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  2. დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  3. ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

არის თუ არა დამსაქმებლებისთვის სავალდებულო შენატანის დაწესება ახალი გადასახადის შემოღება?

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის დაწესება, ან უკვე არსებული გადასახადების დონის ზრდას რეფერენდუმი ესაჭიროება. ეს კონსტიტუციითა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით არის განსაზღვრული.

საპენსიო რეფორმით წარდგენილი პროექტი მოსახლეობისა და დამსაქმებლის პერსპექტივიდან გამომდინარე ცხადია ახალი გადასახადის დაწესებაა, თუმცა სამართლებრივად ამის დამტკიცება რთულია. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, გადასახადი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ თანხას, რომელსაც მოქალაქეები და მეწარმეები სახელმწიფოს წინაშე იხდიან და რომელიც საბიუჯეტო პროცესის მეშვეობით იხარჯება. საპენსიო შენატანი კი, იმის გამო, რომ ის ქვეყნის ბიუჯეტში არ ხვდებდა და ის მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან უბრუნდებათ, გადასახადის კლასიკურ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, თუმცა მას სავალდებულოობიდან გამომდინარე გადასახადისთვის დამახასიათებელი სახე აქვს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მეექვსე მუხლი:

"გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, შენატანების სავალდებულოობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად, რათა ის ახალ გადასახადად შეფასდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლომაც ეს არგუმენტი გაითვალისწინა, მაშინ არსებობს ალბათობა მთელი სისტემა არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს და გაუქმდეს. 

რა შემთხვევაში და რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

რეფორმის პროექტის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

2016 წლის მდგომარეობით, მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68 წელია, ქალისთვის კი 77 წელი, ეს კი ნიშნავს, რომ დღეისთვის მამაკაცის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხა გაიყოფა 3 წელზე, ქალის კი, 12 წელზე. იმის გამო, რომ ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე და საშუალოდ უფრო მეტ ხანს არიან პენსიონრები, ვიდრე მამაკაცები, მათ მიერ მიღებული პენსიები საშუალოდ უფრო მცირე იქნება, ვიდრე მამაკაცების. იმის გამო, რომ დაზოგილი თანხა მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი თანხის იმ ნაწილზე, რომელიც პენსიონერისთვის ჯერ არ გადაცემულა, საპროცენტო სარგებლის დარიცხვას აგრძელებს.

  • პროექტის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა.
  • მოქალაქეს დაზოგილი თანხის ნაადრევად მოთხოვნის უფლება ექნება თუ ის შშმ პირი გახდება.
  • პირს დაზოგილი თანხის ნაადრევად გამოტანის უფლება მიეცემა, თუ ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუმცა, ამ შემთხვევაში თანხას ⅓ აკლდება (ანუ სახელწმიფოს კონტრიბუციის ⅓).

სავალდებულო შენატანის დაწესების ნეგატიური ეფექტი მოსახლეობის განკარგვად შემოსავალზე

"რა იქნება დაზოგილ თანხაზე საპროცენტო განაკვეთი, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის",- ტაბულას კითხვას უპასუხა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რეფორმის მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მიმართ გრძელვადიან პერიოდში ნდობის ნაკლებობაა. მოსახლეობას ახსოვს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ფინანსური კრიზისი და ჰიპერინფლაცია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა უფსკრულის პირას მიიყვანა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არაა სათანადოდ განჭვრეტადი გარემო ისეთი გრძელვადიანი ინვესიტციისთვის, როგორსაც საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს. მეტიც, თავად ეკონომიკის მინისტრიც კი ერიდება იმის თქმას, თუ საშუალოდ რა იქნება ის საპროცენტო სარგებელი, რასაც ფონდი დაზოგილ თანხებს დაარიცხავს.

შესაბამისად, განჭვრეტადი გარემოს არარსებობის პირობებში მოსახლეობის მიერ ფონდში გადარიცხული თანხა არის ხარჯი. ეს არის თანხა, რაც მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს აკლდება. საქართველოში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა (მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსახლეობის 69% ან უკიდურესად ან საშუალოდ ღარიბია) ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელსაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვს, 2%-ის გადახდის დავალდებულება მათივე სოციალურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.

სავარაუდოდ, მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ სისტემაში სავალდებულოობის კომპონენტი ჩადო, არის ის, რომ სავალდებულოობის გარეშე მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი გადაწყვეტდა რეფორმაში ჩართვას. სავალდებულოობის პრინციპით კი, მათ არჩევანი უბრალოდ არ აქვთ. 

რატომ აირჩია მთავრობამ, რომ 40 წლამდე პირებისთვის დაზოგვა სავალდებულო იყოს:

მთავრობას აღნიშნულ საკითხზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. საინტერესოა, რომ სავალდებულოობის მსგავსი კომპონენტი აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ სხვა საპენსიო მოდელებშიც გვხდება. ლიტვასა და პოლონეთში 30 წლამდე პირებისთვის არის დაზოგვა სავალდებულო, ბულგარეთში კი, ასაკობრივი ცენზი 42 წელია. ძირითადი არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს დაზოგვა გარკვეულ ასაკამდე სავალდებულო, არის ის, რომ ეს რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ ახალი სამუშაო თაობა მომავალში რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული სოლიდარულ/რედისტრიბუციულ საპენსიო სისტემაზე და მათ საკუთარი პენსიის უზრუნველყოფა თავად შეძლონ.

აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი საპენსიო მოდელები ასე გამოიყურება:

  • ბულგარეთი - სავალდებულოა 42 წლამდე მოქალაქეთათვის, დასაქმებულები ფონდში საკუთარი ხელფასის 5%-ს რიცხავენ.
  • ხორვატია - სავალდებულოა 40 წლამდე მოქალაქეთათვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 5%-ს რიცხავენ.
  • ესტონეთი - სავალდებულოა ახალი თაობის სამუშაო ძალისთვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
  • უნგრეთი - სავალდებულოა ყველასთვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
  • ლატვია - სავალდებულოა 30 წლამდე, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 8%-ს რიცხავენ.
  • ლიტვა -სრულად ნებაყოფლობითია, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
  • პოლონეთი - სავალდებულოა 30 წლამდე , დასაქმებულები ფონდში ხელფასის 7.3%-ს რიცხავენ.
  • რუმინეთი - სავალდებულოა 35 წლამდე, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 3%-ს რიცხავენ.

ინფლაცია და ეროვნული ვალუტის მიმართ გრძელვადიანი ნდობის არარსებობა

ის მაჩვენებელი, რასაც დაზოგილი თანხების წლიურმა საპროცენტო სარგებელმა მინიმუმ უნდა გადააჭარბოს, არის ინფლაცია. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც ინფლაციის მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წლამდე საქართველოს საშუალო წლიური ინფლაცია 4% იქნება, თუ რა იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ, ამის დღეს განსაზღვრა რთულია.

იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დაზოგილი თანხა ბაზარზე ინვესტირდებ,ა იმის გარანტიას, რომ ფონდს წაგება არ ექნება, სახელმწიფო ვერ გასცემს. სავარაუდოდ, რამდენიმე ათწლეულში საქართველო უფრო მეტად დაემსგავსება ევროკავშირის საშუალოდ განვითარებულ ეკონომიკას, რასაც ქვეყანაში ინფლაციის დასტაბილურება უნდა მოყვეს, თუმცა იქამდე რა იქნება ინფლაცია, ეს პრაქტიკულად არ არის განჭვრეტადი.

ინფლაციასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემას ვალუტის გაუფასურებაც წარმოადგენს. საქართველო ამჟამად სავალუტო კრიზისში იმყოფება. არსებული არასტაბილური ვითარების გამო, მოსახლეობის დანაზოგების ⅔-ზე მეტი არა ლარში, არამედ დოლარსა და ევროშია განთავსებული. მოსახლეობის ნდობა ლარის მიმართ დაბალია. ამას ეკონომიკური მიზეზიც აქვს, რადგანაც ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში ორი სავალუტო კრიზისი მოხდა, ბოლო 25 წლის მანძილზე კი, საქართველოში ჰიპერინფლაცია მოხდა. ლარის შემოღებიდან დღემდე, საშუალო წლიური ინფლაცია 6%-ია.

რეფორმაში ჩართვის უფლება თვითდასაქმებულებსაც ექნებათ:

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1.76 მილიონია, საიდანაც 1.015 მილიონი თვითდასაქმებულია, 747 ათასი კი - დაქირავებით დასაქმებული. თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, რომლებსაც სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ თვლის, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიზნის მიღებით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან.

რეფორმა პირველ რიგში ეხება მათ, ვინც ხელფასს კონტრაქტის საფუძველზე იღებს, თუმცა რეფორმის მოდელი თვითდასაქმებულების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობასაც უშვებს. 

კანონპროექტის მიხედვით, თვითდასაქმებულთათვის სისტემაში ჩართვა სრულად ნებაყოფლობითია, თუმცა ჩართვის შემთხვევაში მათ ფონდში არა 2%-ის, არამედ 4%-ის გადახდის ვალდებულება უჩნდებათ. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა სექტორებში, ყოველთვიური ხელფასების განაწილება ასე გამოიყურება:

  • სოფლის მეურნეობა - 578 ლარი
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1050 ლარი
  • განათლება - 483 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 750 ლარი
  • მშენებლობა - 1180 ლარი
  • ვაჭრობა - 783 ლარი
  • სასტუმროები/რესტორნები - 563 ლარი
  • ტრანსპორტი კავშირგაბმულობა - 1189 ლარი
  • საფინანსო საქმიანობა - 1691 ლარი
  • სახელმწიფო მმართველობა - 1342 ლარი
  • ჯანდაცვა - 844 ლარი

რა თანხა დაიზოგება და რა პენსიას მიიღებენ მოქალაქეები:

"თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია იქნება დაახლოებით 500 ლარს (დღევანდელი მსყიდველუნარიანობით იგულისხმება) პლუს საბაზისო პენსია",- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე.

ის, თუ რა პენსიებს აიღებენ მოქალაქეები მომავალში, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ფაქტორებია ხელფასების ზრდის საშუალო ტემპი, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ფონდის მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის მაჩვენებელი, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ასე შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის მიერ დასახელებული 500-ლარიანი პენსია 1000 ლარის ხელფასის პირობებშიც მრავალ დაშვებას ეფუძნება. პირობითად შესაძლებელია ისეთი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფლაცია, ხელფასების ზრდის ტემპი და დარიცხული საპროცენტო განაკვეთი გავაკეთოთ პენსიების მოდელირება.

მოდელირებული პენსიები:

პენსიების მოდელირება ეფუძნება რამდენიმე ძირითად დაშვებას:

1) ხელფასების ზრდის ტემპი

ხელფასების ზრდის ტემპები: საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ხელფასები საშუალოდ 8%-ით იზრდება, აღნიშნული ზრდა ყველა სექტორში შეიმჩნევა. მაღალი ალბათობით ხელფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.

მოდელირებისთვის საჭიროა განისაზღვროს ხელფასების ზრდის გონივრული ტემპი, რაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანაში იქნება. მაღალი ალბათობით შედარებით ახლო მომავალში ხელფასების ზრდის მსგავსი ტემპი შენარჩუნდება. მას შემდეგ, რაც საქართველო უფრო მეტად დაემსგავსება განვითარებულ ეკონომიკას ხელფასების ზრდა გაგრძელდება, თუმცა სავარაუდოდ მას დღეს არსებული მაღალი ტემპები არ ექნება. ამიტომაც მოდელირებისას აღებულია ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც ეტაპობრივად მცირდება.

წარმოგიდგენთ მოდელირებულ ხელფასებს რამდენიმე სექტორის საშუალო ხელფასების მიხედვით (შენიშვნა მოცემული თანხა ნომინალურია და ინფლაციით არ არის გასწორებული, ამიტომაც შესაძლოა ის იმაზე დიდად აღიქმებოდეს ვიდრე რეალურად არის).

2) ფონდის მიერ დარიცხული სარგებელი:

მსოფლიოში საპენსიო ფონდების მიერ დარიცხული საშუალო საპროცენტო სარგებელი, როგორც წესი, 3-4%-ის ფარგლებშია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და საკრედიტო რესურსი განვითარებად ქვეყნებთან შედარებით უფრო ძვირი ღირს სავარაუდოდ, საქართველოს შემთხვევაში საპენსიო ფონდის წლიური სარგებელი გარკვეული ალბათობით 4%-ზე მაღალი შეიძლება იყოს. მოდელირებისას აღებულია 4.5%-იანი წლიური სარგებელი:

3) ინფლაცია:

ლარის შემოღებიდან დღემდე საქართველოში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6% შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო რეფორმა განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდს ეხება, თითქმის შეუძლებელია ამ პერიოდში ინფლაციის პროგნოზირება, თუმცა სავარაუდოდ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველოს ეკონომიკა დასავლურს, ქვეყანაში მით უფრო შემცირდება და დასტაბილურდება ინფლაციის მაჩვენებელი. მთავარი მაჩვენებელი, რასაც ინფლაციამ არ უნდა გადააჭარბოს, რათა დაზოგვას აზრი ჰქონდეს, არის ფონდის საპროცენტო სარგებელი, რაც ამ შემთხვევაში 4.5%-ია. სხვა შემთხვევაში, მომავალში დარიცხული თანხის ღირებულება იმაზე ნაკლები გამოვა, ვიდრე დღეს დაიზოგა.

მიღებული პენსიები 40 წლის განმავლობაში დაზოგვის შემთხვევაში:

შესაბამისად, თუ ინფლაცია 4.5%-ზე მაღალი არ იქნება, საშუალო დასაქმებული 40 წლის მუშაობის შემდეგ, საბაზო პენსიასთან ერთად მიიღებს 213-ლარიან პენსიას, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მიიღებს 133-ლარიან პენსიას, განათლების სექტორში დასაქმებული 114-ლარიან პენსიას. საფინანსო სექტორში დასაქმებული კი, 400-ლარიან პენსიას.

კომენტარები