იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გვენეტაძე: იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ჩემზე ზეწოლას ახდენენ

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კი საბჭოს თავმჯდომარემ წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა. კამათი მოჰყვა შემდგომი სხდომის დანიშვნის დროსაც. გვენეტაძემ თქვა, რომ მან შემდგომი სხდომის თარიღი თავის გრაფიკთან უნდა შეაჯეროს

"მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა, ამ პირობებში ვერ ვიმუშავებ, მე არ მაქვს ამოუწურავი ენერგია. მე მჭირდება სრული მობილიზება და სრული პასუხისმგებლობა. თქვენ ეს პირობები ვერ შექმენით. იძულებით, შანტაჟით მეტი არ შეიძლება. საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების მხრიდან. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს გადაწყვეტილებას. ღიად ვამბობ, მე ხვალ დილის 9 საათამდე გავივლიდი ჩემს გრაფიკს და მექნება ჩემი პოზიცია. არ ეთანხმები ამას? აყენებს მდივანი საკითხს, რომ 1/3-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას? მიიღეთ, მე არ გეთანხმებით. ამას არ ჰქვია საკითხის დაგეგმვა და ორგანიზება. მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ, ღიად ვამბობ, თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო. ხვალ დილის 9 საათამდე, სანამ ჩემი დატვირთვის გრაფიკის არ გავივლი და არ გადავალაგებ, თანხმობას ვერ მოგცემთ,”- თქვა გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

უკმაყოფილება და დაპირისპირება საბჭოს წევრების ნაწილის კითხვამ გამოიწვია იმის შესახებ, რატომ არ მოაწერა ხელი გვენეტაძემ ბრძანებებს უვადოდ არჩეული მოსამართლეების დანიშვნის შესახებ. 34 მოსამართლე უვადოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20 ოქტომბერს აირჩია. ის, რომ გვენეტაძეს დანიშვნის ოქმებზე ხელი არ მოუწერია, დღევანდელ სხდომაზე გაირკვა. საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაში დაადანაშაულეს. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, პრეზიდენტის კვოტით არჩეულმა ვახტანგ მჭედლიშვილმა კი მოსამართლე წევრები საბოტაჟში დაადანაშაულა. 

საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საკითხი, როდის გაიმართოს მომდევნო სხდომა 1/3-ით არ დააყენა და საბჭო ამ საკითხზე ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებას ელოდება. გვენეტაძე ამის შესახებ ხვალ დილის 9 საათზე იტყვის. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სხდომის მიმდინარე კვირაში ჩანიშვნა მათთვის მისაღებია.

კომენტარები