არჩევნები 2017

ეპისკოპოსი ოლეგი: ხალხის თავისუფალი არჩევანი ღვთისგანაც არის დაფასებული

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი
ტაბულა

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანელთა) ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა ტაბულას არჩევნებთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

თავისუფალი არჩევნები ხალხის გამოხატულ ნებას ეფუძნება. ნების თავისუფლად გამოხატვა ყოველ ადამიანში თანდაყოლილი სურვილად არის ქცეული. პირად ცხოვრებაში ყოველდღიურად გვიწევს არჩევნის გაკეთება, რომელსაც გარკვეულ დროსა და ფიქრს ვუთმობთ. მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის კეთილდღეობისათვის გასაკეთებელი არჩევანი. როდესაც ებრაელმა ერმა მეფე მოითხოვა და მეფე აირჩია, ღმერთმა პატივი სცა ხალხის არჩევანს. ხალხის თავისუფალი არჩევანი თვით ღვთისგანაც არის დაფასებული.

ყოველი ხელისუფალნი ღმერთისგან არის. მორწმუნე ადამიანი პატივს უნდა სცემდეს და ლოცულობდეს მისთვის. ღმერთმა როგორც დასდო პატივი ჩვენს არჩევანს, ასევე დაგვავალა შემდგომად არჩეულის პატივისცემა.

იმისათვის, რომ არჩეული ხელისუფლებისადმი პატივისცემა მხოლოდ ვალდებულება არ იყოს და საკუთარ ნებასაც ეფუძნებოდეს, საჭიროა თავად ვიყვეთ არჩევნების მონაწილენი. მოვიხადოთ ვალდებულება როგორც მოქალაქეობრივი, ასევე ღვთის წინაშე.

საარჩევნო პროცესებში ფართო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა ხელს უწყოფს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს და ქვეყნის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

არ დავიშუროთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილის შეტანა.

კომენტარები