ე.წ ციანიდის საქმე

სასამართლოდან ინფორმაციის გამჟღავნებისთვის დაწყებული გამოძიების საფრთხეები 

რადიო ფორტუნა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარა. იგი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. ციანიდის საქმეში ჩართული ადვოკატების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ჯერ პროკურატურაში, შემდგომ კი მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას, რომ არ შეიძლება, ადვოკატი მოწმედ დაიკითხოს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ის, როგორც ადვოკატი, მონაწილეობდა.

ეკა ლომიძე ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის მომზადებაში დახმარებას უწევდა. 

ლომიძემდე პროკურატურამ გამოკითხვაზე ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატები დაიბარა. ისინი უწყებაში გამოცხადდნენ, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს და საქმეში მაგისტრატი მოსამართლის ჩართვა მოითხოვეს. 

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილი და სხდომის მდივანიც გამოკითხა, თუმცა უწყების პრესსამსახურმა ტაბულას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა. 

საქმე, რომლის წარმოებაც საგამოძიებო უწყებამ დაიწყო, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

ნორმებს, რომლის საფუძველზეც, ერთი მხრივ, მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრეს, მეორე მხრივ კი ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაძლოა ადვოკატების სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ადვოკატები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. 

მოსარჩელეების ერთ-ერთი წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ აუცილებელია ორი ნორმა - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104 მუხლი, გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ; და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების შესახებ, სასწრაფოდ შეჩერდეს.  

"არ შეიძლება, ერთ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმაცია გაამჟღავნოს და მეორე მხარემ თავი ვერ დაიცვას. საკონსტიტუციო სარჩელის მთელი იდეა ეს არის. გაუმჟღავნებლობის ნაწილში და პროცესის დახურვის ნაწილში გვაქვს პრეტენზიები: არ იყო პროცესის დახურვის საფუძველი, იმიტომ რომ გიორგი მამალაძე თანახმა იყო, თავისი პირადი მონაცემები გამჟღავნებულიყო, მაგრამ მოსამართლემ მაინც მიიღო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება, რამაც ის გამოიწვია, რომ არა მხოლოდ ადვოკატს და ბრალდებულს არ აქვთ ლაპარაკის საშუალება, არამედ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდეს ნებისმიერ იმ პირზე, რომელიც ამ საქმეს რამე ფორმით უკავშირდებოდა, მათ შორის ჟურნალისტებზეც, რომლებმაც წყაროსგან მიიღეს ინფორმაცია და მათ პასუხისმგებლობაზე საპროკურორო საბჭოს წევრიც საუბრობდა რამდენიმე დღის წინ", - ამბობს ჩიტიძე. 

იურისტი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციის გამჟღავნების საქმეზე პროკურატურის მხრიდან გამოძების დაწყებას, ვინაიდან თავად უწყება ინფორმაციას სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე ასაჯაროებს, მეორე მხარე კი შესაძლოა ანალოგიური ქმედებისთვის დაისაჯოს, რაც თავის მხრივ, ჩიტიძის თქმით, სამართლებრივი აბსურდია. 

"ვითხოვთ ამ ნორმების შეჩერებას, რათა დაცვის მხარეს მიეცეს საშუალება, ილაპარაკოს პროკურატურის საპირწონედ. ასევე, რადგან ასე ფართოდ განმარტავენ ამ შეზღუდვას, მე, როგორც მოსარჩელეთა ინტერესების დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო პროცესზეც კი ვერ შევძლებ მოსარჩელის ინტერესების დაცვას. იმიტომ რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის დეტალები არ მოვუყევი, ის საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. ამიტომ, იმისთვის, რომ ეს ადამიანები [ადვოკატები] ერთი მხრივ, თანასწორ მდგომარეობაში იყვნენ და მეორე მხრივ თავის დაცვა შეძლონ, ეს ნორმები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს", - განმარტავს გიორგი ჩიტიძე. 

კომენტარები