ზეწოლის გახშირებული ფაქტები ადგილობრივი არჩევნების წინ - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" შუალედურ ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნდა, კანონმდებლობის დარღვევის ისეთ ფაქტებზე საუბრობს, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ გარემოს საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2017 წლის 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლინდა:
ზეწოლა/მუქარის - 23;
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 1;
ძალადობის - 2;
წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 3;
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 6;
შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების - 1;
აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის - 6;
სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა.
"კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა და დაშინების შემთხვევებმა. 6 ოლქში, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურა მოიხსნეს, ხოლო 2 შემთხვევაში კანდიდატები საუბრობენ მართ მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით განხორციელებულ მუქარაზე", - ნათქვამია ანგარიშში.