სექსუალური შევიწროება

ვუდი ალენი: ჰარვი ვაინშტაინი სევდიანი, ავადმყოფი კაცია

Foxnews.com

ვუდი ალენმა ჟურნალ Variety-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჰარვი ვაინშტაინი "სევდიანი, ავადმყოფი კაცია".

"როდესაც ვთქვი, რომ ვწუხდი ჰარვი ვაინშტაინის გამო, ვფიქრობ ცხადი იყო ჩემი წუხილი, რადგან ის სევდიანი, ავადმყოფი კაცია. გავოცდი, როდესაც ეს სხვანაირად იქნა გაგებული"- თქვა ვუდი ალენმა.

BBC-თან ინტერვიუში რეჟისორმა თქვა, რომ ყველა ამ ამბავში ჩართული ქალისთვის ეს ისტორია სევდიანი და ტრაგიკულია.

"მთელი ჰარვი ვაინშტაინის ამბავი ძალიან ტრაგიკულია ყველა ჩართული პირისთვის. ტრაგიკული საწყალი ქალებისთვის, სევდიანი კი ჰარვი ვაინშტაინისთვის, რომლის ცხოვრებაც ძალიან აირია. ამ ამბავს არ ჰყავს გამარჯვებული. ეს ძალიან, ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ამ ყველაფრის გავლა მოუწიათ."- თქვა ვუდი ალენმა. 

ვუდი ალენს ჰარვი ვაინშტაინთან ერთად რამდენიმე ფილმზე აქვს ნამუშევარი, თუმცა, მისი თქმით, მას არასდროს გაუგია იმ ბრალდებების შესახებ, რაც ახლა გაჟღერდა ვაინშტაინის მიმართ.

"არასდროს არავის მოუყოლია ეს საშინელი ამბები სერიოზულობით. ისინი ამას არც იზამდნენ, რადგან შენ არ ხარ დაინტერესებული ამით, შენ მხოლოდ ფილმების გადაღება გაინტერესებს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში მილიონობით ჭორი არსებობდა, ზოგი მართალი აღმოჩნდა, უმეტესობა ჭორებისა კი ამბავია რომელიმე მსახიობის შესახებ."- თქვა ვუდი ალენმა.

კომენტარები