სტრასბურგის სასამართლო

წულუკიანი: მოსამართლეების პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნას "ქვეყნის შიგნით და გარეთ გაუგონარ პროცესებს უკავშირებს, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა". როგორც წულუკიანმა ტაბულას კითხვის პასუხად თქვა, მისთვის ასევე აბსოლუტურად მიუღებელი იყო "შეურაცხყოფები, რომლებიც კანდიდატების მიმართ ისმოდა". 

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის, თუ რა დონის შეურაცხყოფებით მოუწია სხვადასხვა ჩვენი ქვეყნის შიგნით აღიარებულ ქალ თუ მამაკაც კანდიდატ იურისტს მთელი ამ 2 წლის მანძილზე ამ პროცესში მონაწილეობა. ძალიან დასანანია, რომ არავინ დაიზარა ზოგიერთი კანდიდატისადმი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ეს არის დასანანი.

პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით ლადო ჭანტურია აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩატარდა. ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა. 

კომენტარები