არჩევნები 2017

კალაძე ოპოზიციაზე: გაქსუებული პოლიტიკოსები ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ

Kakha Kaladze/Fb.com

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე TV პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე, პასუხობს, რომ ეს ოპოზიციური პარტიების მიერ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს გაზულუქებული, გაქსუელი პოლიტიკოსები თავისი პარტია რუსთავი 2-ის მეშვეობით ცდილობენ ამ ყველაფრის აფიშირებას, რომ მოსახლეობას შეიყვანონ შეცდომაში,"- ამბობს კალაძე.

30 სექტემბერს საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვდა. ოპოზიცია ხსდომის გადადებას ითხოვდა თუმცა, ისინი საკრებულოს დარბაზიდან ძალიას გამოყენებით გაიყვანეს და მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. 

კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორირეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

ბოლო დროის ყველა ავტორიტეტული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია. 

კომენტარები