საკონსტიტუციო ცვლილებები

ჩიხრაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის მმართველ გუნდთან შესახვედრად

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან დიალოგისთვის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მზად არის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკურ საკითხებში მარგველაშვილის მრჩეველმა განაცხადა, რომ ისინი დიალოგს ოპოზიციასთანაც გააგრძელებენ. 

ვეტოსთან დაკავშირებით, პოლიტიკურ საზოგადოებაში კონსენსუსი უკვე არსებობს. ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ქართული ოცნება. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განწყობილია, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით ქართულ ოცნებას, თუკი ამის სურვილი მათი მხრიდან იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს, გავაგრძელებთ დიალოგს ისევ ოპოზიციურ ძალებთანაც. კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისათვის, რომ მზად ვართ ყველა ინსტრუმენტი და შანსი გამოვიყენოთ ამისთვის”, - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის შემდეგ.

საქმე მმართველი გუნდის პრეზიდენტის მიმართ შეთავაზებას ეხება: ქართულმა ოცნებამ გუშინ მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. თუმცა, მმართველი გუნდის პირობა მხოლოდ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრაა, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის არსებობას პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის განმავლობაში აპროტესტებდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ბონუსის საკითხი და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მაინც ჩაწერა და 2 დღის წინ კენჭი მესამე მოსმენითაც უყარა. გუშინ კი პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებზე ვეტოს დადება თავად შესთავაზა. 

კომენტარები