საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე კონსტიტუციაზე: კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო

პარლამენტი

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მან პარლამენტის სხდომაზე, სადაც კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. 

"რაც შეეხება მოტყუებას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ სტენოგრამები თუნდაც კომისიის სხდომების, სადაც არაერთგზის იყო ნათქვამი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული იყო ქართული ოცნების ხელმძღვანელობაში. ჩაგვეკითხა რამდენჯერმე ოპოზიცია და ჩვენ რამდენჯერმე სრულიად გულწრფელად და აბსოლუტურად პატიოსნად ვუპასუხეთ, რომ საუბარი იყო მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციაზე, რასაც სჭირდებოდა შეჯერება 116 კაცთან. რეალურად, როცა დავბრუნდით ვენეციიდან, დოკუმენტში ეწერა პროპორციული სისტემა 2020 წელს, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და მათ შევთავაზეთ ამ დოკუმენტის მხარდაჭერა, რაზეც მივიღეთ ცივი უარი. საბაბად გამოიყენეს რამდენიმე ულტიმატუმი, უკავშირდებოდა მიწას და გადასახადებს და აბსოლუტურად გაუგებარ საკითხებს, რომლებსაც, სულ მცირე, არ ქონდა გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა კონსტიტუციის ტექსტში. იქ გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარის თქმა. კონსენსუსის არარსებობა იყო ოპოზიციის თვითმიზანი. [...} ამ პირობებში შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს, თუმცა ეს ცვლილება აუცილებლად ამოქმედდება 2020 წლის შემდეგ", - თქვა კობახიძემ. 

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა 2020 წლიდან იგეგმებოდა. ამ დათქმით იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ თვის განმავლობაში. პროექტი ვენეციის კომისიამაც სწორედ ამ პირობით განიხილა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს ექსპერტებმა პირველადი დასკვნა მოამზადეს, ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2024 წლამდე გადაიდო. 

კომენტარები